„დიდ ლურსმანს ვამზადებთ თქვენი პოლიტიკური კუბოს სახურავისთვის“
მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას მიმართავს. მისი თქმით, იგი იმ მასალების საჯაროდ გამოქვეყნებას აპირებს, რომლებიც „ნაციონალების“ მიერ თბილისში ,,მაიდნის“ მოწყობას ეხება. გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ის ე.წ. ზონდერების საქმიანობის სქემასაც გამოაქვეყნებს.
„კვლავ ხელისუფლების საყურადღებოდ ვწერ: იმედია, აკვირდებით ნაცისტების ლიდერთა დღევანდელ გამოსვლებს. ივანიშვილს უკვე იანუკოვიჩს ადარებენ და ღიად აცხადებენ, რომ საქართველოშიც სურთ “მაიდანი”, სადაც, თურმე მიშა დაგვხვდება… (არ ვიცნობდეთ მაინც ამ კურდღელს) ამასთან, გააქტიურდა მცდელობა, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი (კონკრეტულად, ეს ორი პერსონა და მერე, ზოგადად, ხელისუფლება) მიაბან პუტინს და რუსეთს, რაც, ცხადია, სასაცილოა, მაგრამ ახლა სიცილის დრო არაა. იმის მიუხედავად, სერიოზულად გეჩვენებათ შექმნილი სიტუაცია, თუ არასერიოზულად, ჩემი რჩევაა, მიაქციოთ ყურადღება ჩვენ მიერ საჯაროდ მოწოდებულ ინფორმაციებს. უახლოეს ხანში დეტალურად გავავრცელებ მასალებს, სად, როგორ, რომელი პროფესიის ადამიანების დახმარებით, რა ბაზაზე ამზადებენ ნაცისტები თბილისურ “მაიდანს”, როგორ არიან ჩართულნი ამ პროცესში ძველი “ზონდერები” და რა სქემით აპირებენ საქართველოში პროვოკაციების აფეთქებას. აქამდე რაც დავწერე, დავწერე ხელისუფლების საყურადღებოდ! ახლა ვწერ ნაცისტებისთვის: ყველაფერი ვიცით. ჩვენც გვყავს თქვენს რიგებში ინფორმატორები. “მაიდანი” არ გამოგივათ. გიმეორებთ: დიდ ლურსმანს ვამზადებთ, რომ საბოლოოდ დავაჭედოთ თქვენი პოლიტიკური კუბოს სახურავს“, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.