ბრაზილიაში ზიკას ვირუსთან საბრძოლველად 200 ათასი სამხედრო ჩაერთო

200 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ბრაზილიის სხვადასხვა რაიონში გააგზავნიან, რათა მათ მოსახლეობას ზიკას ვირუსის საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. ჯარისკაცები მილიონობით სახლში მივლენ და ოჯახებს სპეციალურ ბუკლეტებს გადასცემენ, რომლებშიც დაავადების გადამტანი კოღოებისგან დაცვის წესებია მითითებული.
ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის განცხადებით, ეს ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა იქამდე, სანამ მის წინააღმდეგ ვაქცინა არ იქნება გამოშვებული.
ზიკას ციებ-ცხელება დიდ საფრთხეს უქმნის ორსულ ქალებს, ვინაიდან ახალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მიკროცეფალიის 462 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ სენით დაავადებული ბავშვები პატარა თავით და პატარა ზომის ტვინით იბადებიან, რაც მათ გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსს გლობალური საფრთხის კატეგორია მიანიჭა და ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიო თანამეგობრობას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამჟამად ვირუსის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ მათი ტესტირება მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები