თეა წულუკიანი: თუკი ის დადასტურდა, რაზეც მამუკა ახვლედიანი საუბრობდა, ეს საგანგაშოა
თუკი დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეების კონკურსის საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებით, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ საბჭომ უნდა მოიკვლიოს, დადასტურების შემთხვევაში კი, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, კანონით დადგენილი წესით მოუწევს პასუხისგება.
„ჯერ საბჭომ უნდა მოიკვლიოს შიგნით და დადოს დასკვნა. მე მივესალმები იმას, რომ მათ რაკი უკვე ჩვენამდე სცოდნიათ, რომ ამგვარი რაღაც მოხდა, დაუწყიათ კიდეც მოკვლევა. არ აცნობეს ამის შესახებ საზოგადოებას, მაგრამ დიდი ხანია ამბობენ, ჩვენ ამაზე ვმუშაობთო. იმედი მაქვს, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დადებენ ამ დასკვნას და გვეტყვიან, რა არის იქ მომხდარი. იმიტომ, რომ თუკი ის დადასტურდა, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, საგანგაშო და, რა თქმა უნდა, ის, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, მათ მოუწევთ აგონ პასუხი კანონით დადგენილი წესით“, – განაცხადა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დასკვნა საჯარო გახდება და ამის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის ზომებს მიიღებენ.
„მანამ, სანამ საბჭო არ დადებს დასკვნას, ჩვენ არ გვეცოდინება, უნდა ვენდოთ თუ არა ამ დასკვნას, რა იქნება დასკვნის მოტივაცია და მანამდე შეფასებები ნაადრევია. თუმცა ბევრი დროც არ უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ასე ჰაერში გამოკიდებული ამგვარი საგანგაშო თემა თავად საბჭოს აყენებს დიდ დარტყმას. როგორც კი დასკვნა დაიდება, ეს იქნება ალბათ საჯარო და ჩვენთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი, მხოლოდ ამის მერე სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ შეაფასონ, უნდა ჩაერიონ თუ არა. ამიტომ, ყველანი დამოკიდებულნი ვართ ამ დასკვნის შინაარსზე და ველოდებით მას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლეების კონკურსის საგამოცდო ტესტები თავისი პასუხებით ზოგიერთ კონკურსანტს წინასწარ გააცნეს.