თინა ხიდაშელი: არ ვფიქრობ, რომ კრიზისების მართვისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანება სწორი ინიციატივაა

„მე არ ვფიქრობ, რომ კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოების გაერთიანება სწორი ინიციატივაა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის მოსაზრების საპასუხოდ, განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანას ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლება და მის მეთაურს კრიზისის დროს, მისი ეფექტური და სწრაფი მართვის ბერკეტი უნდა ჰქონდეს.
“მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი ინიციატივაა, თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი წინადადება განხილვას ექვემდებარება და შეგვიძლია ვისმჯელოთ. თავისთავად, ქვეყნის ახალი კონსტიტუციური წესრიგი ამ საკითხზე ძალიან ნათელ პასუხებს იძლევა. ქვეყანას ჰყავს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლის მეთაურიც აღარ არის პრეზიდენტი, შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს კრიზისის დროს, მისი ეფექტური და სწრაფი მართვის ბერკეტი უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ კანონმდებლობაში რამე დასახვეწია, ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ამ ორი საბჭოს არსებობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ხიდაშელმა.
უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არსებობს კრიზისები, რომლებზეც პასუხისმგებლობა მთლიანად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
“არსებობს საომარი მდგომარეობა, როცა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იწყებს მუშაობას საფრთხეებზე და ამ საკითხებზე მუშაობს ეროვნული საბჭო, მაგრამ არსებობს კრიზისები, მაგალითად, 13 ივნისის მსგავსი, რომელიც იმედია, აღარ განმეორდება – ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკისრება. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს უნდა ჰქონდეს საშუალება, მართოს ეს კრიზისი. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს საბჭო”, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები