ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიდან ვიდეომიმართვას ავრცელებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიდან ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

როგორც ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, აბუ-დაბიში მომხდარი ფაქტი საამაყო არ არის, თუმცა, როდესაც ოჯახს და ახლობლებს შეეხებიან, პასუხს ყოველთვის გასცემს.

„მინდა დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ჩემს საქართველოს, ჩემს მაგარ ხალხს, განსაკუთრებით „სამარგალოს“ დიდი სიყვარულით. ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ – ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საზოგადოებას ასევე მიმართავს მმართველი გუნდის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძეც და მოქალაქეებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

„მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ დამდეგ, ძველით ახალ წელს. მრავალს დაესწარით. მადლობა გვერდში დგომისთვის. ყველაფერი კარგადაა. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. კიდევ ერთხელ, მადლობა. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით, ბედნიერად, ჯანმრთელად!“, – აცხადებს ვიქტორ სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაბიტაშვილმა, აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები