გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს კაბინეტი დაატოვებინა (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს კაბინეტი დაატოვებინა. მედიის წარმომადგენლებს დეპუტატისგან პრეზიდენტის მისამართით გუშინ გამოთქმულ ბრალდებებზე განმარტების გაკეთება სურდათ.
თოფაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და მათ კაბინეტის დატოვება მოსთხოვა.
„პირდაპირი ეთერის გარდა, კომენტარს არსად არ გავაკეთებ. “რუსთავი 2”-ს კი საერთოდ პატივს არ ვცემ. პირდაპირ ეთერში ნებისმიერთან გამოვალ“,-განაცხადა თოფაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდას, მან ასე უპასუხა:
„ბოდიში იმან უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე“.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. აღნიშნული ბრალდება დეპუტატმა პრეზიდენტს იმ დროს წაუყენა, როდესაც იგი დეპუტატებს ტრიბუნიდან უსმენდა.
„ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა სიტყვა და ბგერა ანალიზდება“, – განაცხადა დეპუტატმა პრეზიდენტის მისამართით. თოფაძის ბრალდებას პრეზიდენტმა გაკვირვებული ჟესტით უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები