გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით
რუსეთის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო – რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ, ნათელ გზავნილს საჭიროებს.
მისივე თქმით, საქართველო – რუსეთის ურთიერთობები საჭიროებს გზავნილს, რომ როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
“ეს ურთიერთობა საჭიროებს გზავნილს, რომ ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია. რომ, ვერცერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით. კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისათვის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ასევე გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების საქმეში.