სერგო რატიანი: პრეზიდენტის გამოსვლა უნდა ყოფილიყო გაცილებით ცხადი ბევრი მიმართულებით

პრეზიდენტის გამოსვლა უნდა ყოფილიყო გაცილებით ცხადი და უნდა შეხებოდა იმ მწვავე საკითხებს, რაც აწუხებს საზოგადოებას, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაკეთებული ყოველწლიური მოხსენება.
სერგო რატიანმა ის მიმართულებები დაასახელა, რომლებიც, მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მეტი ყურადღების გამახვილებას საჭიროებდა.
“ჩვენც და საზოგადოებასაც გვქონდა უფრო მეტის მოლოდინი, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არაფერი არ თქვა გარკვეულ საკითხებზე და მხოლოდ ნაწილობრივ ან არაადეკვატურად უპასუხა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს. მაგალითად, ეკონომიკის მიმართულებით მან ახსენა ეს პრობლემა, თქვა, რომ არ არის საგარეო ფაქტორები ისე, როგორც ამას აფასებს უმრავლესობა, მაგრამ არაფერი არ თქვა იმ მნიშნელოვან პრობლემაზე, რაც შექმნა საქართველოს მთავრობამ.
პრეზედენტმა ასევე არ ახსენა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა; არაფორმალური მმართველობა და ინსტიტუციურ პრობლემაზე არაფერი არ თქვა, ასევე არ ახსენა „გაზპრომის“ საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს, როგორც ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არაფერი თქვა სისტემურ კორუფციაზე.
ერთადერთი ცხადი გზავნილი, რაც შეიძლება პოზიტიურად ჩაითვალოს, იყო საარჩევნო კანონთან მიმართებაში, როცა მან თქვა, რომ ეს კანონი უნდა შეიცვალოს. ასევე შეეხო მედიის თავისუფლებას, თუმცა ესეც არ იყო ცხადად ახსნილი, ასევე იყო საუბარი წინასწარ პატიმრობაზე, მაგრამ არაფერი არ თქვა, რომ ფაქტობრივად, ჩვენი პარტნიორების შეფასებით არის სერიოზული პრობლემები საქართველოში და გვყავს პოლიტიკური პატიმრები. პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით უნდა ყოფილიყო გაცილებით ცხადი და უნდა შეხებოდა იმ მწვავე საკითხებს, რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას“, -განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები