ეკა ბესელია ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლას „საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებად” აფასებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი ჩანაწერია გაკეთებული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატის მტკიცებით, რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში არცერთი უარყოფითი შეფასება არ ფიქსირდება.
ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლასაც გამოეხმაურა და ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებები “საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებად” შეაფასა.
“საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ საქართველოში ვითარება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. ამაზე მომხსენებელი აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს. საქართველოსთან დაკავშირებით არ არის კონკრეტული დარღვევის ფაქტი, არ არის არცერთი ნეგატიური შეფასება და არ არის არცერთი ნეგატიური მაგალითი. ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება”, – ამბობს ბესელია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. მასში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.
“არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფატები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სხდომის მონაწილეებს რეზოლუციაში შესატანად საქართველოს შესახებ კრიტიკული შესწორებები წარუდგინა.