გიორგი კვირიკაშვილი: გვინდა, რომ საგადასახადო სისტემა გავაუმჯობესოთ
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას დაესწრო.
ღონისძიება სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” გაიმართა და მას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ღონისძიებაზე შეკრებილებს დეტალურად გააცნო, თუ რას გეგმავს ხელისუფლება უახლოეს მომავალში.
“რაც შეეხება კითხვებს, ეს იყო სხვადასხვა სახის. იყო საუბარი სხვადასხვა შეთავაზებაზე, რომ საგადასახადო სისტემაში სხვადასხვა საკითხი შეიცვალოს, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირების კუთხით. ჩვენ ამ რეფორმებს ვგეგმავთ, გვინდა, რომ მაქსიმალურად კიდევ მეტი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, საგადასახადო სისტემა გავაუმჯობესოთ და საგადასახადო შემოწმებების რეგლამენტირება მოვახდინოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დროში რეგლამენტირებული იყოს და შემოსავლების სამსახურის ინსპექტორმა იცოდეს, თუ რა რეგლამენტით მოქმედებს იგი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომპანიების მხრიდან დასახელებული იყო კონკრეტული საკითხები და მან ეს კონკრეტული პრობლემები მოინიშნა.
“მე მოვინიშნე ყველა ეს პრობლემა და, რა თქმა უნდა, კონკრეტულად დავალებების სახით და პირდაპირ დიალოგის რეჟიმში მივხედავთ ამ საკითხებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.