საიას წარმომადგენლები გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდებიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდება.
სამოქალაქო საარჩევნო უბნების გარდა, საია ასევე აკვირდება კენჭისყრას ვაზიანში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ #64 საარჩევნო უბანზე, სადაც, მათი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 688 სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს.
„დღის 15:00 საათისთვის, კენჭისყრის პროცესი ცალკეული შემთხვევების გარდა, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დილის საათებში დაახლოებით 11:30-დან 12:00-მდე, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი გარდაბნის #4 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა გაურკვეველი სტატუსის მქონე 3 პირი, რომლებსაც დაახლოებით ათამდე პირი აშველებდა. მოგვიანებით, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების განმუხტვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა“,-აცხადებენ საიაში.
მათივე ცნობით, ინციდენტის დროს პოლიცია არ გამოჩენილა და ზომები დაპირისპირების აღკვეთის მიზნით არ მიღებულა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გარდაბნის #1 უბნის შენობაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
„ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბარამიძე და ერთ-ერთი ამომრჩეველი. გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოქალაქე ახდენდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებას უბანზე და აგიტაციას ეწეოდა.
ამავე უბანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის – „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენლები. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ბრალდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ, რომ ის კომისიის წევრის ფუნქციებში ერეოდა“, – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საიას დამკვირვებელთა ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „მომავლის არჩევანის“, „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“, „ანტიკორუფციული მედიაცენტრის,“ „თავისუფალი ზონის“ დამკვირვებლები ცალკეულ შემთხვევებში არღვევენ ეთიკის პრინციპებს და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დამკვირვებელს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, პრეტენზიები გამოთქვას საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობასთან დაკავშირებით, მოუწოდოს მას ხარვეზის გამოსწორებისკენ. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება, განიხილოს დამკვირვებლის შენიშვნები და პრეტენზიები, თუმცა ეს ფაქტი დამკვირვებელს არ აძლევს იმის უფლებას, რომ ჩაერიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ასეთი ჩარევით გავლენა მოახდინოს მის საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოს წესრიგის დაცვა საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ შესაბამის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საკუთარი დამკვირვებლების ქცევის წარმართვა ეთიკის და კანონის მოთხოვნების შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა აქვს გარდაბნის #1 საარჩევნო უბანს. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, თითქმის ყოველ ათ წუთში ელექტროენერგია ითიშება. ამ უბანზე არის ასევე გათბობის პრობლემაც.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა ერთ ფაქტთან დაკავშირებით 2 საჩივარი წარადგინეს საარჩევნო კომისიებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები