იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა საქართველოში 2008 წელს ძალა გამოიყენა
„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას“, – ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური, 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ალიანსის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში საქართველოს შესახებ ვრცლად არის საუბარი.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა ნატოს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მოახდინა დემონსტრირება, რომ მზად არის, საკუთარი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ძალა გამოიყენოს.
“რუსეთმა საქართველოში 2008 წელს ძალა გამოიყენა”, – ნათქვამია დოკუმენტში.
2015 წლის ნატოს ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია გასული წლის განმავლობაში ნატოსა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები, ასევე აღნიშნულია, რომ 5-20 ივნისს ბალტიისპირეთში გამართულ მასშტაბურ საზღვაო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საკვანძო სამხედრო წვრთნებს შორის დასახელებულია საქართველოში, 2015 წლის 8-22 ივლისს ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნებიც, რომელშიც, ქართველების გარდა, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა სამხედრომ ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს ჩატარდა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა ნატოსა და მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის საქართველოშიც.
დოკუმენტის თანახმად, ნატო ასევე მუშაობდა ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პარტნიორთა, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად.
ანგარიშში, სადაც ნატოს პარტნიორებზეა საუბარი, დეტალურადაა განმარტებული ნატოს აქტივობები „ღია კარის“ პოლიტიკის ფარგლებში და ამ კონტექსტში საქართველოცაა ნახსენები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს წევრობის მისწრაფებისადმი და მოუწოდეს, განახორციელოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები, ასევე დაადასტურეს ნატოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისადმი.
“ალიანსმა 2015 წელს დაადასტურა მისი ერთგულება „ღია კარის“ პოლიტიკისადმი. ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებს, მზად არიან და შეუძლიათ, აიღონ წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ნატომ რიგი სიახლეები შემოიღო, რამაც გარკვეულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობა მისცა.