სანდრო ბრეგაძე: მოვითხოვთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდეს
ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ სექსუალური უმცირესობები უნდა იდევნებოდნენ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ და მოძრაობა “ეროვნულების” თავმჯდომარემ სანდრო ბრეგაძემ მოძრაობა “ეროვნულების” წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ის და მისი თანამოაზრეები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის წევრებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
მოძრაობის წევრები მოითხოვენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც ოჯახის განმარტებას ეხებოდა, მოქმედმა მთავრობამ განახორციელოს.
“ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ სექსუალური უმცირესობები უნდა იდევნებოდნენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ყოფილ პრემიერს ჰქონდა ინიციატივა, კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა. ჩვენ ვითხოვთ, მოქმედი მთავრობის წევრებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე და ასევე გაჩნდეს ჩანაწერი, რათა სამომავლო პროვოკაციები თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მოძრაობა “ეროვნულების” თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლის დაწყების მიღმა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დგანან, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
„მე, როგორც მთავრობის წევრი, პირველ რიგში, მთავრობისგან ვითხოვ პოზიციის დაფიქსირებას. მაინტერესებს კოალიციაში შემავალი სუბიექტების პოზიცია. რაც შეეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს ღიად, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. თავისუფალი ინსტიტუტის ფრთა – გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის ხელმძღვანელობით”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.