თეა წულუკიანი: მტკიცებულებები იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე დაგვჭირდებოდა

“მტკიცებულებები იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე დაგვჭირდებოდა. ჩვენ შევძლებთ, რომ ჰააგის პროკურორთან ერთად, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც ვიმუშაოთ“, – ამ განცხადებით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჰააგის სასამართლოს მიერ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოიძიებას.
მინისტრის ინფორმაციით, შუამდგომლობებზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.
“ჩვენ უკვე დავიწყეთ წინა შემოდგომიდან მუშაობა იმ შუამდგომლობებზე, რომელიც გვინდა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურორს წარვუდგინოთ. რა თქმა უნდა, აქცენტები არ იცვლება და ჩვენ გამოძიების ბოლომდე, ვიდრე ჭეშმარიტება არ დადგინდება, აქცენტს გავაკეთებთ 2 მნიშვნელოვან რამეზე – პირველი, როგორც ადრე ითქვა, არის ის, რომ ეთნიკური წმენდა, რაც ომამდე, ომის დროს და ოქტომბრის პერიოდამდე მოხდა, როგორც ეს ნათქვამია სასმართლოს გადაწყვეტილებაში, არა მხოლოდ ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასებების დონეზე დავამტკიცოთ.
დავამტკიცოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ნაწილია, მართლაც, არის მომხდარი ქართველების ეთნიკური წმენდა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება. მტკიცებულებები გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე დაგვჭირდებოდა. როგორც ხედავთ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სწორედ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იმიტომ, რომ მტკიცებულებები დამაჯერებელია, არის სწორედ ეს მიმართულება. ამიტომ აქ ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს”, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, იუსტიცის მინისტრი მიესალმება იმ ფაქტს, რომ თბილისში შეხვედრის შემდეგ, რომის სტატუტიდან გამომდინარე, ყველა ტიპის დანაშაულზე აქვს პროკურორს ნებართვა მიღებული.
“ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეხსნება გზა იქითკენ, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც ჰააგის პროკურორთან ერთად ვიმუშაოთ. ეს არის, ძირითადად, ის ორი სტრატეგიული მიმართულება, რაც გვაქვს”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები