ნუკრი ქანთარია განმარტებას აკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი კომპეტენცია არ აქვს“, “კვირასთან“ განმარტებას აკეთებს.
ქანთარია თანაგუნდელებს რჩევებისთვის მადლობას უხდის, თუმცა ფიქრობს, რომ მისი განცხადების კარგად წაკითხვის შემთხვევაში ინტერპრეტაციების საფუძველი არ გაჩნდებოდა.
ქანთარია აცხადებს, რომ მიხეილ ჯანელიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა ამბობს, რომ ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, საგარეო საქმეთა მინისტრს არ აქვს და ვერც ექნება.
“მე მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც რჩევებს მაძლევენ, მაგრამ მეც მინდა ვურჩიო, რომ იქნებ უფრო დაკვირვებით ჩაეკითხათ ჩემი განცხადება. მე ვთქვი, რომ მიხეილ ჯანელიძე არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი და კარგი დიპლომატი, მაგრამ ისეთ “პოლიტიკურ ვეშაპთან“ პირისპირ დასაჯდომად, როგორიც სერგეი ლავროვია, ვფიქრობ, ასეთი მოლაპარაკებების კუთხით მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება სჭირდება. ბუნებრივია, მიხეილ ჯანელიძეს, მისი ასაკიდან გამომდინარე, არ აქვს და ვერც ექნება მსგავსი გამოცდილება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ, ზოგადად, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება. ალბათ ყველა ვხვდებით იმას, თუ რამხელა მნიშვნელობის იქნება მსგავსი ფორმატის შეხვედრა თუ მართლაც შედგება. ამიტომ, შეხვედრის მომზადებას ძალიან სერიოზული მუშაობა დასჭირდება“,-განუცხადა “კვირას“ ნუკრი ქანთარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.
ქანთარიას მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას მისვე თანაგუნდელების მხრიდან დღეს კრიტიკა მოჰყვა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ქანთარიას განცხადება “არასწორ გამონათქვამად” შეაფასა.
კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ კოლეგების შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ვიწრო წრეში შესაძლებელია, თუმცა საჯაროდ მსგავსი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.
„ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, დეპუტატ ნუკრი ქანთარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის საკმარისი გამოცდილება არ გააჩნია.