ნუკრი ქანთარია: სერგეი ლავროვთან შესახვედრად მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს
სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ქანთარიამ აღნიშნა, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც ლავროვთან შესახვედრად არის საჭირო, არ აქვს.
“შეხვედრა ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის”, – განაცხადა ქანთარიამ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ თედო ჯაფარიძე არის წონიანი დიპლომატი, რომელიც შესაძლებელია პირისპირ დაჯდეს ლავროვთან.
“საკმაოდ კარგად უპასუხა ბატონმა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. თედო უფრო ფრთხილი და მოზომილია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისევ დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა. თედო ჯაფარიძე არის მძიმე წონიანი დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან”, – განაცხადა ქანთარიამ.