თბილისი, 1-5 ივლისს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს

2016 წლის 1-5 ივლისს თბილისი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს. ყოველწლიური სესია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება.
ღონისძიებაში 57 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის, პარლამენტების სპიკერები, ვიცე-სპიკერები, პარლამენტების წევრები, ეუთოს გენერალური მდივანი და მოქმედი თავმჯდომარე (გერმანია და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი) მიიღებენ მონაწილეობას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოში პირველად ჩატარდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და რობერტო მონტელამ განცხადებები გააკეთეს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება.
„თქვენ მოწმე იყავით ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის, არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტისთვის, არამედ საქართველოსთვის. ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შორის, რომლითაც ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ მიმდინარე წლის 1-5 ივლისს, საქართველოში შედგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია. საქართველოს 25 -წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჩატარდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ღონისძიების მასპინძლობით, ქვეყანა ორგანიზაციის წინსვლაში წვლილს შეიტანს და საქართველოს საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევის შესაძლებლობას გამოიყენებს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრებიან ეუთოს 57 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციები. მოგეხსენებათ, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ყველაზე აქტიური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, არამედ, ამერიკის კონტინენტიდან წამყვან სახელმწიფოებს. ასე რომ ჩვენ, შესაძლებლობა გვექნება, ვუმასპინძლოთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვიყოთ მასპინძელი 57 ქვეყნის დელეგაციის და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორგანიზაციის წინსვლაში და განვითარებაში და ასევე გამოვიყენოთ ეს ღონისძიება ჩვენი, საქართველოს საკითხების, თემების კიდევ უფრო უკეთ წამოსაწევად. მოგეხსენებთ, უსაფრთხოება ქვეყნისთვის რჩება ნომერ პირველ პრობლემად და ეუთო არის ზუსტად ის ადგილი, ის მექანიზმი, ის ორგანიზაცია, რომელმაც ყველაზე მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო, სამხრეთ კავკასია, ევროპა და მთელი მსოფლიო იყოს უსაფრთხოდ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიებისა და ხელმოწერილი მემორანდუმის შესახებ ისაუბრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ და საქართველოს ხელისუფლებას ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ყოველწლიური სესია ასამბლეის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.
„ესაა ღონისძიება, სადაც 57 ქვეყნის პარლამენტარები, რომლებიც ერთი მილიარდ ადამიანს წარმოადგენენ, ერთად იკრიბებიან და განიხილავენ ეუთოს სივრცეში არსებულ საკითხებს. ეუთოს სივრცეში ბევრი გამოწვევაა და თბილისი ის ადგილია, სადაც ყველას, ამ კანონმდებლებს, ექნებათ შესაძლებლობა, იმსჯელონ სამი მიმართულებით-უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. სესიის ბოლოს ასამბლეა მიიღებს წლიური დეკლარაციას, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგი სესიის თემას განსაზღვრავს“,- განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო ჯგუფი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა და ყოველწლიური სესიის საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთვება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო კომისიის წევრებმა ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად, პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი წერეთელი, ვიქტორ დოლიძე და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი-ზურაბ მარაქველიძე ესწრებოდნენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 26 იანვარს დაიწყო. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები