სკოლების რაოდენობა, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, 395-მდე გაიზარდა

იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია, გაიზარდა. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის სასწავლო პროცესი, დიდთოვლობის გამო, 200 და, გრიპის ვირუსის გამო, 195 სკოლაშია შეწყვეტილი.
”როგორც იცით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებდა, დროებით შეჩერებულიყო სასწავლო პროცესი. მონაცემების დამუშავების შედეგად, დღის მეორე ნახევარშიც განათლების სამინისტრო შეაგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები. გუშინდელთან შედარებით მოიმატა ასეთი სკოლების რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მონაცემები, მიიღება გადაწყვეტილებები და იმ სკოლებში, სადაც 20%-ზე მეტია გაცდენის მაჩვენებელი, დროებით შეჩერდება სასწავლო პროცესი”, – განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება დიდთოვლობის გამო რეგიონებში სასწავლო პროცესის შეჩერებას, გიგაურის განცხადებით, აქ პოზიტიური დინამიკაა და ქედის რაიონის 4 სკოლაში დღეს უკვე აღდგენილია სასწავლო პროცესი.
სწავლის პროცესი, მინისტრის ბრძანებით, დასახელებულ სკოლებში 3 დღითაა შეწყვეტილი. თუ როდის მოხდება აღდგენა, ლია გიგაურის განმარტებით, ეს სკოლამ უნდა გადაწყვიტოს შაბათის დღეების ხარჯზე. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს 20%-ის ზემოთ გაცდენების შემთხვევაში სწავლის შეწყვეტის რეკომენდაციით გუშინ მიმართა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ კონკრეტულ სკოლაში ან საბავშვო ბაღებში გაცდენათა მაჩვენებელი 20%-ს სცილდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის მინიმუმ სამი სამუშაო დღის შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები