უზნაძისა და სააკაძის ქუჩებზე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნება
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით დიმიტრი უზნაძის N,2,4,6,8-სა და პაატა სააკაძის N19-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
რიმა ბერაძის განცხადებით, უზნაძის ქუჩაზე არსებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რაც აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა გრუნტის წყლების შემოდინებითაა განპირობებული და უძველეს ნაგებობას საფრთხეს უქმნის.
მისივე თქმით, იგივე ვითარებაა სააკაძის ქუჩაზე, სადაც დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ დროული რეაგირებისა და აღნიშნულ მისამართებზე არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის მდგომარეობას და წარმოადგენს შესაბამის დასკვნას.
„დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ შევჯერდით მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც ორივე მისამართზე აუცილებლად განხორციელდება დამატებითი ექსპერტიზა. დასკვნის შემდგომ კი, ჩვენ ერთობლივად მოვნახავთ ოპტიმალურ გზებს, რათა აღნიშნული საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდეს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრას, დეპუტატის გარდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე სამინისტროსა და გამგეობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.