საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა მარტივდება
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან, ბიულენთ თუფენქჯისთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის – eTIR პილოტური პროექტის შესახებ ოქმს”.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია, გაზარდოს ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითხებში და მიმართულია ხელი შეუწყოს TIR წიგნაკით მოძრავი ტვირთების საბაჟო პროცედურების გამარტივებას მხარეებს შორის წინასწარ გაცვლილი ინფორმაციის რისკების ანალიზის მეშვეობით.
როგორც აღინიშნა, TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის – eTIR პროექტი დადებითად აისახება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.
შემოსავლების სამსახური გაეროს ტირ სამდივნოს (გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის) შეთავაზებულ გაეროს განვითარების (UNDA) მსოფლიო პროექტში – „განვითარებადი ქვეყნებისთვის და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრის ლეგიტიმურად გადაკვეთის, რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებში”, 2013 წელს ჩაერთო.
აღნიშნული პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითებში გაზარდოს TIR ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურთან ელექტრონულ რეჟიმში TIR ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა დაიწყება.