აბაშიძე პუტინს პასუხობს: თუ საქართველოს ხელისუფლება არ იქნება ინფორმირებული, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფა

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, მას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, ის ფაქტი რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის აფხაზეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ძვირადღირებული პროექტის განხორციელება დაიწყოს.
„ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ძვირადღირებული პროექტის განხორციელება დაიწყოს რეგიონში, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია პროექტების განხორციელებასთან საქართველოს იმ რეგიონებში, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის ნაწილად მივიჩნევთ, (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იქნება ამის შესახებ ინფორმირებული, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ ხელყოფას. ასე შევაფასებთ ჩვენ, თუკი ნამდვილად დაიწყება ამ მიმართულებით მუშაობა. თუმცა მიმაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა ძვირადღირებული პროექტის განხორციელება დაიწყოს ამ რეგიონში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ოკუპირებულ აფხაზეთთან დააკავშირებს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა სტავროპოლში გამართულ რეგიონულ ფორუმზე განაცხადა. “ეს კარგი პროექტია, ფედერალური ხელისუფლება მის მხარდასაჭერად მზად არის”, – აღნიშნა პუტინმა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მოქმედი საზოგადოებრივი მოძრაობა “კავკასიის ერთა რუსული კონგრესის” თავმჯდომარემ სულთან ტოგონიძემ ფორუმზე პუტინს პროექტის დეტალები გააცნო. მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთს, სტავროპოლის ოლქს, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აეროპორტის მშენებლობაც, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ გზას სოხუმამდე გაიყვანენ.
“ჩვენთან ჩამოვიდნენ პარტნიორები ჩინეთიდან ამ პროექტის განხორციელებაზე მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი”, – აღნიშნა ტოგონიძემ. პროექტის თანახმად, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ჩინური კორპორაცია ჩჰინა ღაილწაყ და რუსული კომპანია “რეგიონული პროექტები” ააშენებენ. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მხარეები გეგმავენ კონტრაქტის გაფორმებას ოჩამჩირეში საზღვაო პორტის მშენებლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები