საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ეუთოში ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ვიგენინი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრისას საქართველო-ეუთოს თანამშრომლობასა და რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
მხარეებმა საქართველოში 2016 წელს დაგეგმილი არჩევნებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საარჩევნო საკითხებზე კონსტრუქციულ დიალოგსა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებები საქართველოსათვის მიუღებელია.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიისათვის მზადების პროცესზე, რომელსაც თბილისი 2016 წლის ივლისში უმასპინძლებს. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართელოს პარლამენტის წევრები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.