ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართავენ
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა საქართველოს პარლამენტს მადლობის წერილი გამოუგზავნეს.
მოგერინი და ჰანი წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტის ჩათვლით, დიდი სამუშაო გასწია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი და რთული რეფორმების განხორციელებისა და იმ პირობების შესასრულებლად, რაც მოუხსნიდა მათ მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზის აუცილებლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მგზავრობის დროს.
“გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ 11 დეკემბრით დათარიღებული თქვენი წერილისთვის საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მხარდაჭერის საკითხზე. საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტის ჩათვლით, დიდი სამუშაო გასწია უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი და რთული რეფორმების განხორციელებისა და იმ პირობების შესასრულებლად, რაც მოუხსნიდა მათ მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზის აუცილებლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მგზავრობის დროს. 18 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო მეოთხე და ბოლო ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესის შესახებ. ანგარიში პროგრესის შესახებ ასახავს საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას, განსაკუთრებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, დარჩენილ რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოსვლის კუთხით.
პროგრესის თაობაზე ანგარიშის დადებითად შეფასების შემდგომ და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების სრულად გათვალისწინებით, კომისია წარუდგენს ევროპარლამენტს და მინისტრთა კაბინეტს 2016 წლის დასაწყისში საკანონმდებლო ინიციატივის სახით მოსაზრებას, რათა მოიხსნას მოკლევადიანი ვიზების მოთხოვნა ბიომეტრიული პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის.
ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას საქართველოსთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში. გაცილებით გამარტივდება და გაიოლდება ადამიანთა შორის კონტაქტები და წინსვლა იქნება საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მხრივ. ევროკავშირი-საქართველოს სავიზო დიალოგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების სფეროში სიღრმისეული რეფორმის ხელშეწყობისათვის, მნიშვნელოვანი ზეგავლენით კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმაზე. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნიშნულების გარდა, საქართველომ გადადგა შემდგომი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის სამსახურების რეფორმირების მხრივაც. საქართველოსგან ველით, რომ ის გააგრძელებს ამბიციურ რეფორმებს და ევროპის საუკეთესო გამოცდილების განხორციელებას მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების სფეროში. საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნიშნულების თანამიმდევრულად განხორციელების უზრუნველსაყოფად. კომისია გააგრძელებს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხი შემადგენელი ნაწილის მონიტორინგს.
საბოლოო გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის თაობაზე წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის კომპეტენციას, რომლებმაც უნდა დაადასტურონ საკუთარი თანხმობით კომისიის შემოთავაზება, რათა შეიცვალოს რეგულაცია 539/2001 საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზების აუცილებლობისაგან გასათავისუფლებლად. და ბოლოს, გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესის მხარდაჭერისათვის. ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის კონტაქტების გასამყარებლად, წარმოადგენს მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ჰორიზონტის გაფართოების საშუალებას და, საბოლოო ჯამში, აღრმავებს დემოკრატიასა და ეკონომიკურ კონტაქტებს”, – ნათქვამია ფედერიკა მოგერინისა და იოჰანეს ჰანის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.