საჯარო რეესტრის პროექტში – „გენდერი და საკუთრება” მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთრების უფლების თანაბარ უფლებებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მოქალაქეები აქტიურად მიმართავენ. მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა პროექტის -„გენდერი და საკუთრება” განხორციელება დაიწყო, მოქალაქეები საკუთრების განაწილების პროცესში გენდერული თანასწორობის პრინციპებით სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან.
პროქტის – „გენდერი და საკუთრება” ფარგლებში, საჯარო რეესტრი მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანია სწორედ საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.
საჯარო რეესტრის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე უფასო კონსულტაციის მიღება ქვეყნის ყველა ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. თითოეულ რეგიონში ჩატარდება შეხვედრებიც, რომლის დროსაც საჯარო რეესტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. დარიგდება ბროშურები და ბუკლეტები.
„გვსურს, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული”,- აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
საჯარო რეესტრის ცნობით, პროექტის ფარგლებში, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელს ეწყობა მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2015 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 1434478 ფიზიკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 56,1% კაცი და 43,9% – ქალია. ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ონში, ცაგერში, საჩხერეში, წალკაში, საგარეჯოში, გურჯაანსა და ყვარელში).