პრემიერის დავალებით, გიორგი ამაშუკელი, პრობლემების შესასწავლად, გურიისა და აჭარის რეგიონებს ეწვევა
პრემიერის დავალებით, პირადად მივემართები აჭარისა და გურიის რეგიონებში, რათა ადგილზე გავეცნო გაწმენდით სამუშაოებს და ადგილზე შევისწავლოთ არსებული ვითარება, – ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა, რეგიონში დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ამაშუკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, გურიისა და აჭარის რეგიონში, დაზიანებების შედეგად, ელექტროენერგია არ მიეწოდება 10 000-მდე აბონენტს. მისივე თქმით, მიუხედავად უხვი ნალექისა, ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქებსა და სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. “პრემიერის დავალებით, პირადად მივემართები აღნიშნულ რეგიონებში, რათა ადგილზე გავეცნო გაწმენდით სამუშაოებს და ადგილზე შევისწავლოთ არსებული ვითარება. ამ დროისთვის, გურიისა და აჭარის რეგიონში, დაზიანებების შედეგად, ელექტროენერგია არ მიეწოდება 10 000-მდე აბონენტს, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ახლაც გრძელდება სამუშაოები “ენერგო – პრო ჯორჯიას” მიერ და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ ელექტროენერგია. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, სადაც ინფორმაციის შემოსვლა და კონკრეტული გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა ხდება. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი”, – განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.