ფონდ „ქართული გალობის“  მხარდაჭერით, დოკუმენტური ფილმის – “ქართული გალობა რომში” პრემიერა გაიმართება

დღეს, 26 იანვარს, 18:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ-ივერიაში“  ფონდ „ქართული გალობის“ ინიციატივითა და  ხელშეწყობით დოკუმენტური ფილმის – “ქართული გალობა რომში” პრემიერა გაიმართება.  

დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია  თამარ ბართაია. მნიშვნელოვანია, რომ ფილმი ეძღვნება ქართული სიმღერა-გალობის კონცერტს, რომელიც ფონდ “ქართული გალობის” ინიციატივითა და უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,  რომში, Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, 2014 წლის 7 დეკემბერს გაიმართა.
ფილმის ჩვენების  დასასრულს შედგება აუდიო და ვიდეოალბომის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია დოკუმენტური ფილმისა და ევროპაში არსებული ქართული სამრევლოების გუნდების აუდიოჩანაწერები.
ფონდი „ქართული გალობა“ განაგრძობს ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთის ქართულ ეპარქიებთან და ცდილობს, მხარში ედგას ემიგრაციაში მოღვაწე ქართულ გუნდებს. ფონდის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღწვიან ქართული საეკლესიო და ტრადიციული მუსიკის აღდგენა-პოპულარიზაციისთვის. ფონდისთვის უდიდესი პატივია, მონაწილეობა მიიღოს ამ საშვილიშვილო საქმეში.
შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს რომში, Serapchicum-ის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქველმოქმედო ფონდმა „ქართულმა გალობამ“  ევროპაში მცხოვრები ქართველებისათვის საზეიმო კონცერტი  – „ქართული პოლიფონია – კაცობრიობის საგანძური“ გამართა, რომლის ორგანიზატორები ასევე იყვნენ: დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიისა და ბელგია-ჰოლანდიის ეპარქიები.
კონცერტში  მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს  ევროპის ეკლესიების სამრევლოებთან არსებული ქართული გუნდები:  პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „თამარიონნი“ (ხელმძღვანელი: ვალერი შარიფაშვილი), ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სიმღერისა და გალობის გუნდი GEORGIA (ხელმძღვანელი:  დავით ტყეშელაშვილი),  ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ბარაკონი“ (ხელმძღვანელი:  დავით ცხვედიანი), დიუსელდორფის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი:  ბექა ფერაძე), ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ნანილა“ (ხელმძღვანელი:  ნანა ჩიხიაშვილი), მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი:  ნანა გობეჩია), რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი:  ეკატერინე კაჭარავა).
კონცერტში მონაწილე გუნდებს ფონდმაქართულმა გალობამ“  სამახსოვრო სიგელები და ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილი  საპატიო ქანდაკებები გადასცა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები