“ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტები სასამართლოსგან სამსახურში აღდგენას მოითხოვენ
“ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტები სასამართლოსგან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
ტელეარხი 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბრის საღამოს ტელევიზიის მაუწყებლობა შეაჩერეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს.
ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა, თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს ჩაბარდათ.
საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილს ასახელებს, რაც ეკონომიური ან ტექნოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კადრების შემცირებას გულისხმობს.
ჟურნალისტების გათავისუფლებამდე, „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე იძულებით შვებულებაში გუშვეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ გასული რეპორტაჟი გახდა, რის გამოც განაწყენებულმა თანამშრომელმა საინფორმაციო სამსახურის უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.