ეკა ბესელია საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებებს აკრიტიკებს
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას აფასებს და მიიჩნევს, რომ გიგი უფულავას პატიმრობასთან დაკავშირებით პედრო აგრამუნტის შეფასებები არაობიექტურია.
„ჩვენ მას ვიცნობთ იმ ცნობილი რეზოლუციის ავტორის სახით, რომელიც ძალიან უსამართლო და დაუბალანსებელი რეზოლუცია იყო. ის არის “სახალხო პარტიის“ ლიდერი და “ნაციონალური მოძრაობა“ ამ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალია.
“სახალხო პარტია“ ღიად რომ ლობირებს “ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ცნობილი ფაქტია და მათი პოლიტიკური თანამოაზრეობა ხშირდ ვლინდება სხვადასხვა ტენდენციურ განცხადებაში, მაგრამ ჩვენ გვინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი აგრამუნტი ახლა მაინც, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დაივიწყებს მის პირად პოლიტიკურ მეგობრებს და სიმპათიებს და ის შეძლებს, რომ თავის საჯარო განცხადებებში დაბალანსებულად და ევროსაბჭოს პრინციპების ფარგლებში გააკეთოს განცხადებები და მოახდინოს რეაგირება.
სრულიად არასერიოზული იქნება და დამაკნინებელია ისეთ ცნობილ და, მართლაც, პოლიტიკურ პატიმარზე, როგორიც არის სავჩენკო, მასთან ერთად იყოს ნახსენები უკვე მსაჯვრდებული და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბატონი უგულავა. ეს განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით ბატონი აგრამუნტის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ,“- აცხადებს ეკა ბესელია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო აგრამუნტმა თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას “პოლიტპატიმარი“ უწოდა.
“ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანია, დავიცვა ასამბლეის დეპუტატების უფლებები, რათა მათ შეძლონ, შეასრულონ საკუთარი მანდატი, როგორც არჩეულმა წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოში და მათ ქვეყნებში. ამგვარად, ისეთი პირების, როგორიცაა უკრაინელი ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლება, მათი თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა განვიხილოთ დაინტერესებული ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად”, – განაცხადა აგრამუნტმა დღეს, ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.