ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტად თედო ჯაფარიძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები, საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობენ. პარალელურ რეჟიმში ისინი შეხვედრებს მართავენ პოლიტიკურ ჯგუფებთან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ, როგორც ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა.
“დღეს, ასამბლეის სხდომაზე ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე – პრეზიდენტები აირჩიეს. ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე დასახელდა”, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 25-29 იანვარს გაიმართება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები