დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში ძი იანჩისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც ესწრებოდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზეც ისაბრეს. აღნიშნულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მოსამზადებელი პირველი შეხვედრა დაგეგმილია თებერვლის ბოლოს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყელის“ ფარგლებში თანამშრომლობას და „აბრეშუმის გზის,” როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს სახმელეთო მარშრუტის როლს. ამ მიზნით მხარეები შეიმუშავებენ სამწლიან სამოქმედო გეგმას, სადაც გაწერილი იქნება ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, საფინანსო და ტურიზმის სფეროებში.
ელჩთან საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართელოს მთავრობისა და ჩინეთის მთავრობის ორგანიზებით გასული წლის ოქტომბერში წარმატებით გამართულ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელსაც, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გაზრდილი ინტერესითა და მაღალი დონის მონაწილეებით იქნება გამორჩეული ყოველწლიური ფორუმი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. მისი განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს სამწლიან სამოქმედო გეგმას ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების ზრდის ხელშეწყობისთვის. ჩინეთის ელჩმა, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატა, რომ საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.