გიორგი კვირიკაშვილი კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციას გამართავს

ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი, ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა.
ახალ პროგრამას საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.
პროგრამის პრეზენტაციას დაესწრებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს. შესაბამისად, ახალი კომპონენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას ხელსაყრელი გადასაღები ლოკაციებისა და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვის კუთხით.
პროგრამის ფარგლებში ინერგება ე.წ. cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. აღნიშნული მექანიზმი მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ეყრდნობა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გარემოს განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამაში ჩასართავად საჭირო აპლიკაციის ფორმის მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.filmingeorgia.ge
ცნობისთვის, ღონისძიება ხვალ, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები