ტექნოლოგიურ პარკში ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ. Front ოფისი შეიქმნება
საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ინოვატორებისთვის ერთიანი ე.წ. Front ოფისი შეიქმნება, – გადაწყვეტილება კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაშიგაიმართა.
პრემიერის დავალების შესაბამისად, მოკლე ვადებზე გაწერილ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ინოვაციების სააგენტო მომავალ კვირას, სამუშაო შეხვედრაზე წარადგენს.
გიორგი კვირიკაშვილმა საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, აქცენტი მოკლევადიან, ქმედით ნაბიჯებზე გადაიტანონ და ყველა სამუშაო შეხვედრა თუ სამოქმედო გეგმის განხილვა კონკრეტულ, მოკლე ვადებზე გაწერილი სტრატეგიებით დასრულდეს.
კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად.
ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ფინანსური დახმარების შესაძლებლობებს ინოვაციური ბიზნესის განსავითარებლად, რაც საქართველოში ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნას, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტების გამოშვებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
გლობალური კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ქართული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, სხდომაზე პრეზენტაცია გამართა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორმა ჯორჯ კენეიმ. ჯორჯ კენეი ინსტიტუტში ინოვაციებისა და გამოყენებითიკვლევების კომერციალიზაციის პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული; არის NASA-ს დაფინანსებით შექმნილი მასალების გადამუშავების ცენტრის თანადამფუძნებელი. ამჟამად ჯორჯ კენეი არის სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე სტარტაპ კომპანიის EntraTympanic -ისდამფუძნებელი და პრეზიდენტი.