გია ვოლსკი: მაჟორიტარული სისტემა სამართლიანი სისტემაა
ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა სამართლიანი სისტემაა, შეესაბამება ვენეციის კომისიის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც უკვე შემუშავებულია, სრულიად ჩამოყალიბებული და მართებულია.
“რასაკვირველია, ნებისმიერ პარტიასთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში უნდა იყო, თუნდაც ერთკაციანი პარტიები იყოს – ეს არის საქართველოს სინამდვილე და რეალობა, მაგრამ სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ საკუთარი, პირადი მოსაზრებებიდან გამოდიან.
რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ სიები იქნება, აქედან წარმატების რაიმე პერსპექტივა ჩნდება. მე ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა სამართლიანი სისტემაა, შეესაბამება ვენეციის კომისიის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს. გუშინაც, წინა კვირაშიც მქონდა კონსულტაციები უცხოელ კოლეგებთან და მხარდაჭერა საკმაოდ მკაფიოა,” – აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.