2016 წლის არჩევნებზე ალი ბაბაევი შესაძლოა, ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იხილოს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი შესაძლოა, ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იხილოს,- ამის შესახებ ალი ბაბაევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
როგორც ბაბაევმა განმარტა, ამ დროისთვის სახელისუფლებო გუნდსა და ბაბაევს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმების შემთხვევაში კი ბაბაევი „ოცნების“ პროპორციულ სიაში მოხვდება.
„მე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ვიყავი ბატონი ბიძინას 21-კაციანი სათათბიროს წევრი, ვიყავი პოლიტსაბჭოს წევრი ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობისას, თუმცა სიაში ვერ მოვხვდი. ჩვენ დავამტკიცეთ პარტიის წესდება, პარტიის პროგრამა… მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას „ქართულ ოცნებასთან“, მინდა ჩემი პარტიის სახელით ვიყარო კენჭი. დღემდე ვარ პარტიის აქტიური წევრი, პარტიის მშენებლობის სპეციალისტი, ვიცი პარტიის იდეოლოგია, პროგრამა… მე ვარ ერთადერთი აზერბაიჯანელი, რომელიც ქართულ მასმედიაში თავისი ხალხის პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ლაპარაკობს. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ვიქნები“, – აღნიშნა ალი ბაბაევმა.
ალი ბაბევმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ დღეს პარლამენტში მყოფი ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატები არ ფლობენ ქართულ ენას.
„ტრადიციად დამკვირდა, რომ საქართველოს პარლამენტში ირჩევენ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან. მე მინდა იმ ადამიანებს, ვინც პარტიულ სიებს ადგენენ, ვუთხრა, წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი, სადაც წერია, რომ იმ პიროვნებას შეუძლია გახდეს პარლამენტის წევრი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, 17 არაეთნიკური ქართველი იყო დეპუტატი და მათგან მხოლოდ 2-მა იცოდა ქართული ენა.
მე მოსახლეობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, დაწყებული კახეთიდან, ქვემო ქართლით დამთავრებული. ურთიერთობა მაქვს ზუგდიდში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთანაც. იქ დაახლოებით ათამდე აზერბაიჯანული ოჯახი ცხოვრობს, აზერბაიჯანლები წუხან, რომ მათი დეპუტატების ხმა არ ესმით პარლამენტში.
მე ბევრ ამომრჩეველს მოვიზიდავ ჩემი პარტიისთვის, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მაჟორიტარი“,- აცხადებს ალი ბაბაევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები