ნუგზარ გასვიანი: საავტომობილო გზებზე გადაადგილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გართულებულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შექმნილი ვითარების და მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილება თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გართულებული.
“დღეს განსაკუთრებით გაძლიერდა თოვა აჭარაში, გურიასა და კახეთში. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 100-მდე საყრდენი პუნქტი, სადაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები აღჭურვილი სპეციალური ტექნიკითა და ტექნიკური მარილის მარაგით. გაწმენდითი სამუშაოები 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებულნი არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს. – აღნიშნა მან.
ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზებზე გადაადგილება ხორციელდება სპეციალური რეჟიმებით: ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთის უღელტეხილზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, გომბორის უღელტეხილსა და თბილისის შემოსავლელ გზაზე (მხოლოდ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის). შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები