ზაზა გაბედავამ თბილისში სადღეღამისო საპროტესტო აქციები დააანონსა

  მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია დააანონსა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლიტპატიმარი ლევან ჩაჩუაა. ზაზა გაბედავა აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი, ოპოზიციასთან კოჰაბიტაციის დასრულებას და მიხეილ სააკაშვილის „დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლებას“ მოითხოვს:
„ყველას, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ზეობის დროს საკუთარ თავზე იწვნია დამნაშავე რეჟიმის წნეხი! უმოწყალოდ ნაცემებს და ნაწამებს, უკანონო პატიმრებს და პრობაციონერებს, ქონება ჩამორთმეულებს, იპოთეკარებს, დაღუპულთა ოჯახებს, პოლიტპატიმრებს, რელიგიურ პატიმრებს და ყველა ჩვენს მეგობარს, გულშემატკივრებს, ვისაც გვინდა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დასამარება!
ოთხშაბათს, 26 მარტს, 12 საათზე, მთავრობის კანცელარიის შესასვლელთან შედგება საპროტესტო აქცია, რომელიც გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ და დაიწყება პერმანენტული, სადღეღამისო აქციები მოთხოვნით: დაკმაყოფილდეს პოლიტპატიმართა 10 მარტის შეკრებისას მიღებული 5-პუნქტიანი რეზოლუცია, ანუ გადაისინჯოს უკანონო განაჩენები, პასუხისგებაში მიეცეს სისხლის სამართლის საქმეების გამყალბებლები და დამკვეთები, მეპატრონეებს დაუბრუნდეთ მართლსაწინააღმდეგოდ ჩამორთმეული ქონება, სამართლიანად გადაწყდეს დაზარალებული იპოთეკარების პრობლემები, პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმს! მოვთხოვოთ ხელისუფლებას წინასაარჩევნო მთავარი დანაპირების შესრულება და დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაციის შეწყვეტა!“,- წერს ზაზა გაბედავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები