ირაკლი შოთაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი აჰმეთ სონერ ენსაროღლუ.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. მთავარმა პროკურორმა თურქეთის ელჩს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურის დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა მისი თურქი კოლეგის საქართველოში ოფიციალურ მოწვევასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომავალში შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ძებნილი პირების ექსტრადიცია და სამართლებრივი დახმარება, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და სასწავლო სემინარების ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები