„პროკრედიტ ბანკი“, ღმერთის ხსენების გამო, თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს უარყოფს
„პროკრედიტ ბანკი“, ღმერთის ხსენების გამო, თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს.
როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილ თანამშრომელთან ხელშეკრულების შეწყვეტა მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო მოხდა.
“საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 16 წლის განმავლობაში, „პროკრედიტ ბანკი“ ხელმძღვანელობს პოლიტიკით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების მიღებას – მათ შორის თანამშრომლების შერჩევას, პოზიციის ცვლილებას, თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებას, დაწინაურებას, თანამშრომლობის შეწყვეტას – ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა სოციალური ნიშნით. თანამშრომლების კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი წინაპირობაა კლიენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებისა და ბანკის მხრიდან განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისთვის – შესაბამისად, თანამშრომლის შეფასების მთავარი კრიტერიუმი და საფუძველია.
ვეხმაურებით ახალგაზრდა ადვოკატთა განცხადებას და გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საქმე დაუბრუნდა პირველ ინსტანციას განსახილველად.
რაც შეეხება ახალგაზრდა ადვოკატთა განცხადებაში მოხსენიებულ, „პროკრედიტ ბანკის“ ყოფილ თანამშრომელს, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო”,- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ „პროკრედიტ ბანკმა“ თანამშრომელი ღმერთის ხსენების გამო გაათავისუფლა.