სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან, პაატა ბელთაძესთან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბჭოს მუშაობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ თავისივე შემადგენლობიდან “შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის” შესრულების მონიტორინგის ჯგუფის წევრები აირჩია.
ჯგუფის წევრები, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, ოთხი მიმართულებით იმუშავებენ: კანონის უზენაესობა; სახელმწიფო ენა და განათლება; კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
საბჭო ყოველწლიურად ატარებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შესრულების მონიტორინგს, გეგმის შესრულებისას არსებული ხარვეზებისა და მიღწევების გამოვლენის მიზნით. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, მონიტორინგის საფუძველზე საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და შემდეგ მუშაობს ამ რეკომენდაციების ადვოკატირებაზე, რაც ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აქტივობებია.