მანანა კობახიძე: „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კომისიის დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობს. „რუსთავი 2-ის საქმე იყო ყურადღების საგანი და ეს იყო ბუნებრივი, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ხდება მოვლენების განვითარება. ჩვენს პარტნიორებს თუ თავიდან რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონდათ, ესეც იყო ბუნებრივი და ლოგიკური, ეს საკითხი დღეს ამოწურულია, იქიდან გამომდინარე, რომ „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობას, სამაუწყებლო კომპანიაში მართვის პროცესს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ტელეკომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში მაუწყებლობს,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.
ევროსაბჭოს კომისია საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს. ანგარიშში მოხვდა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესიც, რომელმაც უამრავი კრიტიკული შენიშვნა გამოიწვია.