დავით უსუფაშვილმა და გიედრიუს პუოჯუნასმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელიც თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ანალოგია, 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 25 წლის წინ ქართველი და ლიტველი ხალხი ერთად იბრძოდა თავისუფლებისთვის, ორი ერი ხელიხელჩაკიდებული აგრძელებს სვლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის და ეს ასე გაგრძელდება მომავალშიც.
„დღეს ჩვენი მოძმე ლიტველი ხალხი აღნიშნავს 25 წლისთავს იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რამაც შეძრა მაშინ არა მხოლოდ ლიტვა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე, არამედ მსოფლიო, როდესაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ბრძოლას საბჭოთა იმპერიასთან. ეს იყო 25 წლის წინ, მაშინ ჩვენ, ქართველი ხალხი, ლიტველებთან ერთად, ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, ვიყავით სოლიდარული, ვიყავით ერთად.
დღევანდელი დღე და ის ღონისძიება, რომელსაც გახსნის ბატონი ელჩი და მან გვირგვინით შეამკო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი, არის საუკეთესო გამოვლინება იმისა, რომ ის მსხვერპლი, რაც ქართველებმა გაიღეს, ეს იყო ლიტვის თავისუფლებისთვისაც, ხოლო ის მსხვერპლი, რაც ლიტველებმა გაიღეს, ეს იყო მსხვერპლი საქართველოს თავისუფლებისთვისაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 25 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია, თამამად, ამაყად განვაცხადოთ, რომ ლიტველი და ქართველი ხალხი კვლავ ხელიხელჩაკიდებული მიდის წინ, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ღირსებისთვის და ეს ასე გაგრძელდება ალბათ ძალიან ბევრი 25 წელი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 13 იანვრის მოვლენების მსგავსებაზე ისაუბრა და ქართველ ერს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
„1991 წლის 13 იანვარი იგივეა, რაც 1989 წლის 9 აპრილი. ეს ჩვენი უახლესი ისტორიის ორი ფუნდამენტური დღეა, ჩვენი ერების სოლიდარობისა და სულიერი სიძლიერის გამოხატვისა და საფუძვლის ჩაყრის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ძალიან მადლიერები ვართ თქვენი სოლიდარობისა და პატივისცემისთვის“,- აღნიშნა გიედრიუს პუოჯუნასმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც ლიტვის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.