ზურაბ აბაშიძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვყოფილვარ
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში იგი ჩართული არ ყოფილა.
როგორც ჟურნალისტებს აბაშიძემ განუცხადა, აღნიშნული მოლაპარაკებების დეტალები მისთვის უცნობია.
„სამწუხაროდ, ჩემთვის არ არის ცნობილი დეტალები. დაველოდოთ ჩვენი ენერგეტიკოსების პასუხს. მე არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებების საკითხებში“,- განაცხადა აბაშიძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისში იმყოფება ენერგოკომპანია „სოკარის“ წარმომადგენელი – „სოკარ – საქართველოს“ ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი. დღეს ის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს – პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდება, სადაც შესაძლოა, საქართველო -აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხი გადაწყდეს.