“არის მეორე გამოსავალი – ვთქვათ უარი ბუნებრივ აირზე და გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე”
არის მეორე გამოსავალი, ვთქვათ უარი ბუნებრივ აირზე და გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ტარიფის 4-თეთრიან მატებას გამოიწვევს.
“არის მეორე გამოსავალი, ჩვენ ვთქვათ – არა! ბუნებრივ აირზე და გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე. რუსეთიდან წამოვიღოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, წამოვიღოთ ასევე თურქეთიდან. ეს არის პლიუს დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ ელექტროენერგიაში და გავაჩეროთ თბოსადგურები. თუმცა, ეს დაახლოებით 4-თეთრიანი ტარიფის მატება იქნება და ამის გაკეთება შეუძლებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ საქართველოში გაკეთდეს გაზსაცავი.
“11 მილიონი კუბური მეტრი ყოველდღიური მოხმარება ზაფხულის თვეებში 4 მილიონამდე ჩამოდის. ეს დისბალანსი რომ შევავსოთ, ამიტომ ვსაუბრობ, რომ დამატებითი მოცულობების შემოტანა მოვახერხოთ „გაზპრომისგან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბუნებრივი აირის მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ შაჰდენიზის მეორე ფაზა დასრულდეს.
“ასევე ბუნებრივი აირის მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ შაჰდენიზის მეორე ფაზა, პროექტი, რომელიც დაწყებულია 2019 წელს, უნდა დასრულდეს და აქედან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.