„შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც “სოკარი” საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის”
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც “სოკარი” საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის. როგორც მინისტრმა ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. მისივე თქმით, ეს 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი.
“დღეს ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. ეს, 2012 წელთან შედარებით, 35-38%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა, 2014 წელთან შედარებით, 19%-ითაა გაზრილი. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. დაგისახელებთ ამ 11 მილიონის შემადგენელ ნაწილებს: ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრი “სოკარიდან” წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით, რომელსაც ჰქვია “ყაზახი”. 2 900 000 მილიონ კუბური მეტრი არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივ აირი და 2,-2,5 მილიონი კუბური მეტრი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, ის, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, გამომდინარე აქედან, დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან, საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენიდან.
“ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია მეტი დამატებითი მოცულობების გატარება ამ მილსადენში, ამიტომ დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით”, – განაცხადა კახა კალაძემ.