დავით ნარმანია გიორგი სოლომონიას შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს

თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოლომონიას შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს და ამ დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც საზოგადოებას გადაწყვეტილებას გააცნობს.
“გიორგი სოლომონია გადავიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. ის დაუბრუნდა იმ სამსახურს, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდა. ეს არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც კონსულტაციები ჩვენს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დაკმაყოფილდა მისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოლომონიას გათავისუფლების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
“ეს არის ჭორი და  რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – განმარტა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ ასევე უარყო ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც სოლომონიას გათავისუფლება მიუსაფართა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.
“მიუსაფართა თავშესაფრის პროექტთან დაკავშირებით მას ჰქონდა შეხება იმ ნაწილში, რომ ააშენა მიუსაფართა ახალი თავშესაფარი და ჩაგვაბარა დეკემბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო გეგმა-გრაფიკით. ასე რომ, მან თავშესაფართან დაკავშირებით საქმე პირნათლად  შეასრულა”, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები