საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო  შეიქმნა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მისი ფუნქცია უწყების საქმიანობის შემდგომი ხელშეწყობა და განვითარება, ასევე, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთა განხილვა იქნება.
“კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო ასევე განიხილავს პროფესიულ განვითარებასა და კარიერის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც. საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს მთავარი პროკურორი, ხოლო მის შემადგენლობაში შევლენ: მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრი, თბილისის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურატურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები: გენერალური ინსპექციის უფროსი, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ამავე დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართვა და უწყებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიალური წესით განხილვა, რის რეკომენდაციასაც საქართველოს პროკურატურასთან მიმართებაში წლების განმავლობაში იძლეოდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მომავალში პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდება არა ერთპიროვნულად, მთავარი პროკურორის მიერ, არამედ კოლეგიალურ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს მთავარ პროკურორს მითითებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
ამასთან, აქტიურად გრძელდება მუშაობა პროკურატურის მუშაკთა საქმიანობის შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს პროკურორის პროფესიული საქმიანობის და აქტივობის კომპონენტების ერთობლივ შეფასებას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება პროკურორისა და გამომძიებლის ინდივიდუალური განვითარებისათვის აუცილებელი აქტივობები, განისაზღვრება დისციპლინური წახალისება და კარიერული ზრდა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები