დავით ნარმანიამ ახალაშენებული №128 საბავშვო ბაგა-ბაღი გახსნა
მოსკოვის გამზირზე ახალაშენებული №128 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ბაგა-ბაღი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს წევრებმა გახსნეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, 128-ე ბაღი ერთ-ერთია იმ 50 ბაღიდან, რომელიც წინა წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა.
“შენობა 2007 წელს ავარიულობის გამო დაანგრიეს, მის აღდგენას კი ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. შენობა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შედგება და 500-მდე ბავშვზეა გათვლილი”, – აცხადებენ მერიაში.
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, თბილისში 6 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მომავალ წელს კი, 10 ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი. დავით ნარმანიამ ბაღის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი ბაღი, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს იმ ბავშვებს, რომელთაც მანამდე ვერ შეძლეს ბაღში დარეგისტრირება და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ახლომდებარე ბაღების განტვირთვას.
“ეს არის ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს. ბაღი, როგორც შევპირდით მოსახლეობას, დროულად ჩავაბარეთ და ახალ ბაგა-ბაღში ასწავლიან გადამზადებული პედაგოგები. ამ შენობაში არის ახალი სათამაშოები, ასევე ყველანაირი პირობა, რაც ბავშვების ღირსეულად აღზრდისთვის არის საჭირო”, – განაცხადა ნარმანიამ.