რატომ ჩამოართვეს "ფლაი ჯორჯიას" ლიცენზია?

კომპანია „ფლაი ჯორჯია“ ლიცენზიის ჩამორთმევაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს,- ამის შესახებ „კვირას“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსმა ხათუნა მიქატაძემ განუცხადა. მიქატაძის თქმით, კომპანიის ირანელი დამფუძნებლები მათთვის ლიცენზიის ჩამორთმევას და ქონებისა და ანგარიშების დაყადაღებას ქართულ მხარეზე ამერიკული გავლენით ხსნიან.
„არც კომპანიის დამფუძნებლები, არც ყოფილი გენერალური და არც აღმასრულებელი დირექტორი დღეს ჩვენთან უკვე კონტაქტზე არ გამოდიან. მათ ჩამოართვეს ლიცენზია და აგვისტოს შემდეგ აღარ დაფრინავენ. ქონება დაუყადაღეს. ირანელი ბიზნესმენები, რომლებმაც კომპანია „ფლაი ჯორჯია“ დააარსეს, მიიჩნევენ, რომ ქართული მხარე და ჩვენი მთავრობა მათ ხელოვნურად უშლის ხელს და ამერიკული მხარის გავლენით კომპანიაზე ზეწოლას ახდენენ“, – განაცხადა ხათუნა მიქატაძემ „კვირასთან“ საუბრისას.
„ფლაი ჯორჯიას“ პასუხად კომპანიისთვის სერთიფიკატის ჩამორთმევის ფაქტი „კვირასთან“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განმარტა. მისი თქმით, იმ კომპანიამ, რომლისგანაც „ფლაი ჯორჯიამ“ თვითმფრინავი ლიზინგით აიღო, უკანვე გაიწვია, რის შემდეგაც ირანული კომპანია საჰაერო ხომალდის გარეშე დარჩა.
„თვითმფრინავი, რომელიც „ფლაი ჯორჯიამ“ ლიზინგით აიღო, ლიზინგის გამცემმა უკან გაიწვია და მოგვმართეს ჩვენ, რომ ეს თვითმფრინავები ამოგვეღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრიდან, რის შემდეგაც „ფლაი ჯორჯია“ თვითმფრინავების გარეშე დარჩა. რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, „ფლაი ჯორჯიას“ დავალიანება ჰქონდა იმ კომპანიისა, რომლისგანაც თვითმფრინავი ლიზინგით აიღო. შესაბამისად, როცა კომპანიას არც საკუთრებაში და არც ლიზინგით აღებული საჰაერო ხომალდები არ აქვს, მაშინ უუქმდება მას სერტიფიკატი. ამიტომ იძულებული გავხდი, შემეჩერებინა აღნიშნული კომპანიისთვის ლიცენზია“,- განაცხადა გურამ ჯალაღონიამ.
კომპანიას ამ დრომდე ყველა თანამშრომელთან სახელფასო დავალიანება აქვს. როგორც მიქატაძემ განმარტა, დამფუძნებლების თქმით, დავალიანების გადაუხდელობის მიზეზი ქართული მხარის მხრიდან კომპანიის ანგარიშების დაყადაღება გახდა. ახლახან თბილისის საქალაქო სასამართლომ ავიაკომპანია ”ფლაი ჯორჯიას” უცხოელი თანამშრომლის, უღურ ისტიკლალ ბასას სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების გადახდა დააკისრა. გაკოტრებულმა „ფლაი ჯორჯიამ“ მომჩივანს 43,4 ათასი ლარის გარდა, დამატებით ყოველ გადაცილებულ დღეზე თანხის 0.07%, ანუ, 3700 ლარი, ასევე ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ლარიც უნდა გადაუხადოს. საერთო ჯამში, სარჩელი ავიაკომპანიას სახელმწიფო ბაჟთან ერთად 51 ათასი ლარი დაუჯდება.
ფინანსური სიძნელეები ავიაკომპანიას, რომლის დამფუძნებლები ირანული წარმოშობის დუბაის მოქალაქეები იყვნენ, გასულ წელს შეექმნა, რის საფუძველზეც ლიზინგით გამოტანილი თვითმფრინავები და ფრენის ლიცენზიაც ჩამოერთვა. ავიაკომპანია ,,ფლაი ჯორჯიას’‘ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 2013 წლის 17 ოქტომბერს საჰაერო ექსპლუატაციის სერტიფიკატი ჩამოართვა. მოქმედი კანონმდებლობით, ავიაგადამზიდავი ფრენის ნებართვას ავტომატურად იმ შემთხვევაში კარგავს, თუ ოპერირებისთვის 2 თვითმფრინავზე ნაკლები ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები