თინათინ ხიდაშელმა ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ამერიკული ჯილდო, ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა.
I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ს პრეზიდენტმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის დაჯილდოვდა.
თინათინ ხიდაშელმა ამერიკული ჯილდო ყულჯანიშვილის ოჯახს რუსთავში, I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის სასაფლაოზე გადასცა. თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს დედას, სიმბოლურად, აშშ-ში აღმართული, აშშ-ის არმიის 101-ე დივიზიის III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მემორიალის ის ფოტოც გადასცა, სადაც ქართველი მებრძოლის ვასილ ყულჯანიშვილის გვარი და სახელია ამოტვიფრული.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათი ასე აფასებენ. ვასილ ყულჯანიშვილი არის პირველი ქართველი სამხედრო, ვისი სახელობის მემორიალიც გაიხსნა ამერიკაში, იმ ბაზაზე, რომლის სარდლობის ქვეშაც მსახურობს ქართული ჯარი ავღანეთის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე.
ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გამოგზავნა ვარსკვლავი, რომელიც ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემათ ხოლმე სამხედრო მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვისაც და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩვენ ასლიც გვაქვს ამ მედლის, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში განვათავსებთ ყველა მომავალი სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახებისთვის. იმედია, დანაკარგები არ გვექნება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობაც აიღო ყოველი ამ ახალგაზრდის და მათი ოჯახის წევრების მიმართ“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა მამა გაბრიელმა დაღუპული ჯარისკაცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და რუსთავის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.