ლომისის მონასტრის თავშესაფრის ბავშვებს ფეხბურთელების წყალობით გათბობა აღუდგათ

 ლომისის მონასტრის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მცირეწლოვან ბავშვებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგათ. მას შემდეგ, რაც „კვირამ“ გამოაქვეყნა მასალა, რომ თავშესაფარი გაზის დავალიანების გადაუხდელობის გამო გათბობის გარეშე იყო დარჩენილი, ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ბავშვებს დახმარებოდნენ.
როგორც “კვირას” “ყასტრანსგაზიდან” აცნობეს, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები კომპანიას დაუკავშირდნენ და თავშესაფრისთვის დახმარების სურვილი გამოთქვეს.
“კვირას” ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული და მისი მეგობრები არიან. მათ თავშესაფრის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გაზმომარაგების აღდგენის მიზნით დავალიანების ნაწილი უკვე დაფარეს. თანხის დანარჩენ ნაწილს კი სპორტსმენები ხელშეკრულების საფუძველზე მომავალში დაფარავენ. “დაგვიკავშირდა რამდენიმე სპორტსმენი, რომლებიც საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები არიან. მათ ერთმანეთში მოაგროვეს თანხის გარკვეული ნაწილი და ამ დავალიანების დასაფარად შეიტანეს. დავალიანების ნაწილი – 700 ლარი მათ უკვე გადაიხადეს. მათი თქმით, ეს არის, უცებ მოგროვილი თანხა და მომავალშიც სურთ ამ თავშესაფრის დახმარება”, – აღნიშნავენ “ყასტრანსგაზში”. მონასტრის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბერი მამა პავლე ფეხბურთელებს ემადლიერება და მათ დახმარებისათვის მადლობას უხდის.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ლომისის მონასტრის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში 11 მცირეწლოვანი ბავშვი რამდენიმე დღე სიცივეში იმყოფებოდა. თავშესაფარი გაზის დავალიანების გამო გათბობის გარეშე იყო დარჩენილი. დავალიანება 1700 ლარს შეადგენდა, რისი დაფარვაც მათ ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები